COVID19
,,დღეში თუნდაც 18-20 ახალი შემთხვევა ტრაგედია არ არის" - მარინა ეზუგბაია
148 ინფიცირებული არ არის დიდი ციფრი. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ ზომიერი და კონტროლირებადი ციფრებით, ალბათ შევძლებთ, რომ ეს დიდი პრობლემა გადავლახოთ დიდი დანაკლისის გარეშე. როცა შიდა გადაცემა გვაქვს, დღეში თუნდაც 18-20 ახალი შემთხვევა ტრაგედია არ არის - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ეს ციფრები აბსოლუტურად მისაღებია, ნორმაში ეტევა და კატასტროფა არ არის. „ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია და იმედია, ასე დავამათავრებთ“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოში 40 პაციენტს მკურნალობენ.

„დღის მეორე ნახევარში დაგვემატა ამ შემთხვევებიდან ორი ჩვენს ცენტრში და ამ ეტაპზე ჩვენთან 40 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, დანარჩენები სხვა დაწესებულებებში გადანაწილდნენ. სულ ათი დაწესებულებაა მიმღები, ესენი გადანაწილებული არიან სხვა დაწესებულებებში. სხვა პაციენტების წყარო ჩემთვის უცნობია, რადგან ჩვენი ორი პაციენტი ჩვენთან არსებული პაციენტების კონტაქტია. ახალი პაციენტებიდან ხუთს აქვს პნევმოვნია, დანარჩენებთან არ არის პნევმონია. მიმდინარეობს დაავადება, შეიძლება ითქვას, რომ საშუალოდ. გვყავს ორი კრიტიკული პაციენტი, რომელთა მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, მაგრამ სტაბილიზაციის რაღაც ელემენტები შეიმჩნევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
| Print |