COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 174-მდე გაიზარდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 174-მდე გაიზარდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირებულთაგან სამის წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება, ხოლო ერთის სომხეთიდან ჩამოსულ პირს. მისი განმარტებით, პაციენტების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

დილით დადასტურებული შემთხვევა 170 იყო. ჩვენს ცენტრში დღეს ჩატარდა 15 პაციენტზე ტესტირება და 4 პაციენტთან დადებითი შედეგი მივიღეთ. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 174 პაციენტია დადასტურებული კორონავირუსზე. ამ ოთხი პაციენტის წყარო სხვადასხვაა. ერთი პაციენტის წყარო არის სომხეთიდან ჩამოსული პირი, რომელიც ჩვენთან მკურნალობს, დანარჩენი სამი პაციენტის წყარო არის ეროვნული ბანკი. ამ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმე არ არის, მათი მდგომარეობა სტაბილურია და გამოკვლევების შედეგებით შესაძლებელი იქნება შეფასდეს საბოლოოდ, როგორი იქნება მათი ზოგადი მდგომარეობა. 4 პაციენტის გარდა, ყველა პასუხი ნეგატიური იყო“,- აცხადებს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 36 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 067 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 330 პირი.
| Print |