კოვიდ19-ის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლნისში
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტში ტესტირება გუშინ 30 პირს ჩაუტარდა, საიდანაც დღეს 21-ის პასუხები მიიღეს. 21 პირიდან ვირუსი მხოლოდ 2-ს დაუდასტურდა, 9 ადამიანის ტესტის პასუხს კი კვლავ ელოდებიან.
,,გაჩნდა შიდა გავრცელების ახალი კერები, მათ შორის, ცნობილია, რომ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ექიმები და ექთნები დაინფიცირდნენ, აქედან გამომდინარე, მოგვიწია დამატებითი შეზღუდვების გატარება და გუშინ ჩვენ ჩავკეტეთ ბოლნისის ადმინისტრაციული ცენტრი და რაჭისუბანი.
გუშინ იყო შიდაგავრცელების ნახტომისებური ზრდა, პრაქტიკულად, 19 დადასტურებული ფაქტი დაფიქსირდა. კონტაქტების მოძიება გრძელდება და გადაგზავნილია 30 საკვლევი მასალა ლაბორატორიაში და დღეს დღის განმავლობაში ჩვენ გვეცოდინება პასუხები,“- განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.
ამასთანავე, მან რუსთავსა და მარნეულში არსებული ვითარებაც შეაფასა და განაცხადა, რომ რუსთავში დაინფიცირებულთა რაოდენობას 8 ადამიანისთვის არ გადაუჭარბებია.
„რუსთავში იყო ეროვნული ბანკის კლასტერი ორი ოჯახი და რეალურად 8 დადასტურებული ფაქტი გვქონდა. მას მერე გავიდა, დაახლოებით, 2 კვირა და რუსთავში ზრდა არ გვაქვს, საბედნიეროდ და ეს ადამიანებიც, სავარაუდოდ, დღე-დღეზე უკვე გამოჯანმრთელებულები გაეწერებიან.
მარნეულშიც იყო და არის შეზღუდვები და ძალიან კარგად იმუშავა ინდივიდუალური ტრანსპორტის შეზღუდვამ მთლიანად მხარეში. ოჯახებშია ხალხი, გადაუდებელი საჭიროების გარდა არ გამოდიან გარეთ, იცავენ რეგულაციებს და ეს არის უპირველესი გარანტი, რომ ჩვენ შევაჩერებთ შიდა გავრცელებას,“ - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი