COVID19
სამცხე-ჯავახეთში კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა შედარებით გაზრდილია. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შვიდი საკარანტინე ზონიდან სრული დატვირთვით ნაწილი მუშაობს. კარანტინში სულ 400 მოქალაქე რჩება, აქედან ერთი პირი ახალციხის სასტუმროში მოწყობილ იზოლირებულ სივრცეში რჩება, 399 კი ბაკურიანის ხუთ სასტუმროშია გადანაწილებული. აბასთუმნის ფილტვის ცენტრი, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი საკარანტინე ზონა იყო, ამ დრომდე პაციენტის გარეშეა.
რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 28 მოქალაქეა. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის თქმით, კარნტინსა და იზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა, რეგიონში დაფიქსირებულ კორონავირუსის პირველ შემთხვევას უკავშირდება.
„დაინფიცირებულის ოჯახის წევრები და კონტაქტში მყოფი პირები კარანტინსა და თვითიზოლაციაში გადავიდნენ. მისი ყველა კონტაქტი მოძიებულია, ფაქტიურად, ორი დღეც არ იყო ოჯახში, მერე გადაიყვანეს კარანტინში. ამიტომ მასთან ურთიერთობაში მყოფ პირთა წრე დიდი არ არის“, - გვითხრა გიორგი მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 16 აპრილს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში დაფიქსირდა. დაინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცია. მასთან კონტაქტში მყოფ 12 პირს ვირუსზე კვლევა ჩაუტარდა, ყველა პასუხი უარყოფითია. ისინი კარანტინში რჩებიან და COVID-19 რომელიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე, კვლევა ხელახლა ჩაუტარდებათ.
გააზიარეთ :