COVID19
ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებისთვის 1 წელი მაინც დაგვჭირდება - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ შესაძლოა საზოგადოებას COVID 19-თან ერთად, გარკვეული შეზღუდვებით ცხოვრება 1 წლით მოუწიოს.

პაატა იმნაძის თქმით, მაქსიმალური შეზღუდვები მოიხსნება, თუმცა მოქალაქეებს მოუწევთ გარკვეულ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე უარის თქმა, რაც მოიცავს საოჯახო თუ მეგობრულ თავყრილობებს.

"მოგვიწევს
ოჯახური თუ სამეგობრო თავყრილობების საკმაო ხნით გადაჩვევა. მესმის, ეს არის ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ცხოვრების ნაწილი, ცხოვრების წესი, მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობში ჩვენ მოგვიწევს ამ ყველაფერზე უარის თქმა, თუ არ გვინდა, რომ სიტუაცია დაიძაბოს. რა თქმა უნდა, ქვეყანა უნდა გაიხსნას, ამ ეტაპსაც, იმედია, გავივლით მშვიდად და წყნარად. მუდმივად ასე ვერ ვიქნებით. 

რაღაცები მოიხსნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დარჩება გარკვეული შეზღუდვები და იმედი გვაქვს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო და უფრო მოიხსნას ეს შეზღუდვები. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენზე, რამდენადაც ვისწავლით კოვიდ 19-თან ცხოვრებას.

რაც შეეხება ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებას, ალბათ, 1 წელი მაინც დაგვჭირდება იმისათვის, რომ გადავლახოთ ყველაფერი ის, რაც შეიძლება იყოს. უამრავი რაღაც იწერება, მაგრამ ეს ვირუსი მართლა არავინ არ იცის,"
- განაცხადა პაატა იმნაძემ.
| Print |