COVID19
გაფართოებული ტესტირება ერთი კვირის წინ დაიწყო, გეგმაში გვაქვს დღეში 1 500 ტესტზე ავიდეთ - ამირან გამყრელიძე
ქვეყნაში გაფართოებული ტესტირება ერთი კვირის წინ დაიწყო და ის ყოველდღიურ რეჟიმში ფართოვდება. გეგმაში გვაქვს, რომ იქითა კვირის ბოლოს, დღეში 1 500 ტესტზე ავიდეთ და შემდეგ უკვე, მაისის შუა რიცხვებში შეიძლება, 2 000-ზეც გვქონდეს საუბარი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მცირე სტატისტიკა იმის გამო გვაქვს, რომ ტესტირება სათანადო რაოდენობით არ ტარდება.

„ეს ნამდვილად არასწორია, ჩვენი ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის განსზღვრებას მიჰყვება, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მიზანდასახულად ვტესტავთ იმ ჯგუფებს, ვინც ამას ექვემდებარება. ყველა შესაძლო შემთხვევა ქვეყანაში იტესტება. წარმატებული ქვეყნები, სადაც ფართომასშტაბიანი ეპიდემიაა, ეყრდნობიან ე.წ. ოქროს სტანდარტს, ანუ PCR ტესტირებას, თუმცა, ჩვენი ალგორითმის მიხედვით, საჭიროა იყოს როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ეტსტებიც, მაგრამ გადამოწმება ყოველთვის PCR ტექნოლოგიებით ხდება.

რეკომენდაციაა, რომ ყველა ქვეყანაში, რომელიც საკარანტინე ღონისძიებებს არბილებს და ეს საქართველომაც დაიწყო, ძალიან მნიშვნელოვანია პარალელურად ორი მიმართულება იყოს. ერთი - PCR ტექნოლოგიებით ტესტირება გაფართოვდეს, ანუ მეტი მოსახლეობა მოვიცვათ და მეტი ე.წ. შესაძლო შემთხვევები გამოვავლინოთ და მეორე, ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნაში იყოს, რომ ყველა გამოვლენილ შემთხვევას დროულად უმკურნალონ“,
- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, გუშინ 24 აპრილს დაახლოებით, 920 გამოკვლევა ჩატარდა.

„ყოველდღიურად ვუმატებთ ტესტირებების რაოდენობას. თავიდან, თუ სამ ლაბორატორიაში ტარდებოდა, მერე 2 დავამატეთ. გუშინწინ, გუშინ კიდევ 5 დავამატეთ. თუმცა, ჯერჯერობით მაინც ძირითადი დაწოლა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ამ ლაბორატორიაზეა. ახლა უკვე 10 ლაბორატორია გვაქვს და გუშინ, მაქსიმუმი გვქონდა - 920 გამოკვლევა ჩატარდა, მაგრამ იმის წინა დღეს 750-800-მდე იყო, იმის წინა დღეს 700, ანუ ბოლო ერთი კვირაა PCR ტექნოლოგიებით გამოკვლევა ფართოვდება. განსაკუთრებული აქცენტი მაღალი რისკის ჯგუფზე - ჩემ კოლეგებზე გავაკეთეთ, რადგან 30-მდე სამედიცინო პერსონალი დაგვიზიანდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ით გაიზარდა და 456 შეადგინა, რასაც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია „დიდი რაოდენობით“ ჩატარებულ აგრესიულ ტესტირებას უკავშირებს. აღნიშნული განცხადების კონტექსტში ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება დაინფიცირებულთა რეალურ
შედეგებს მალავს.
| Print |