COVID19
პანდემიის დასრულებამდე ჯერ შორია - ჯანმო

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა (WHO) კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გააფრთხილა ქვეყნები, რომ კორონავირუსის პანდემია დიდხანს არ დასრულდება.

"პანდემია დასრულებისგან შორს არის, ჩვენ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა და ბევრი საქმე გვაქვს. მე კვლავ მოვუწოდებ მსოფლიოს სოლიდარობისკენ და ეროვნული ერთობისკენ, რათა დავუპირისპირდეთ ამ პანდემიას, მაგრამ ასევე აღვკვეთოთ სხვა პანდემიებიც და ავაშენოთ უფორ ჯანსაღი, უსაფრთხო სამყარო ყველასთვის და ყველგან. ეროვნული ერთობა გლობალური თანადგომის საძირკველია. თანადგომა, თანადგომა, თანადგომა - აი ამას გავიმეორებთ ყოველდღე. თუკი ჩვენ არ ვიქნებით ერთიანნი, ვირუსი ჩვენს შორის ნაპრალებიდან გაჟონავს და ქაოსს შექმნის. ადამიანები დაიღუპებიან. ჩვენ ამ ვირუსს დავამარცხებთ მხოლოდ ერთიანობით ეროვნულ დონეზე და სოლიდარობით გლობალურ დონეზე“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.

მან ასევე შეშფოთება გამოხატა იმ უარყოფითი შედეგების გამო, რაც პანდემიას ჯანდაცვის სერვისების, განხორციელებაზე, განსაკუთრებით კი ბავშვთა ჯანდაცვაზე აქვს.

„ჩვენი ორგანიზაცია შეშფოთებულია ახალი შემთხვევების ზრდის გამო აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში. ამასთან, ბევრ რეგიონში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა ნაწილი აღრიცხული არ არის, რადგან ბევრ ქვეყანაში ტესტირების მცირე შესაძლებლობა აქვთ“,
– განაცხადა ტედროს ღებრეიესუსმა.

მისი ინფორმაციით, პანდემიის გამო საზღვრებზე დაწესებულმა შეზღუდვებმა უკვე 21 ქვეყანაში სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინების უკმარისობა გამოიწვია. მისი განცხადებით, საჰარის უდაბნოს სამხრეთ რეგიონში შეიძლება მალარიის შემთხვევების რიცხვი გაორმაგდეს.

ტედროს ადჰანომ გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, მსოფლიოში ვაქცინაციის 14 კამპანია გადაიდო, რომელსაც 13 მილიონზე მეტი ადამიანი უნდა მოეცვა. გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია, რომელიც ვერ ჩატარდა, მიმართული იყო პოლიომიელიტის, წითელას, ქოლერას, პაპილომავირუსის, ყვითელი ცხელებისა და მენინგიტის წინააღმდეგ.

„როდესაც ვაქცინაციის პროცესი ვერ ხორციელდება, მეტი ეპიდემია ჩნდება, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში წითელა და პოლიომიელიტი. ტრაგიკული რეალობაა, რომ ამის შედეგად ბავშვები დაიღუპებიან“, - განაცხადა მან.





| Print |