COVID19
საქართველოში კორონავირუსზე გამოკვლეულია მოსახლეობის 0,6% - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად 12 ათასამდე ტესტია ჩატარებული.

როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაგეგმილია, რომ მაისის შუა რიცხვებისთვის ყოველდღიურად 3 000-მდე ადამიანი გაიტესტოს.

„ჩვენ ტესტებს ვითვლით 4 თებერვლიდან და ყოველდღიურად ჩვენს ვებ-გვერდზე და „ფეისბუკზე“ ქვეყნდება განახლება ეპიდსიტუაციის. სულ დღევანდელ დღემდე არის 11 942 PCR ტესტი ჩატარებული. 20 აპრილიდან ეს პროცესი საკმაოდ ინტენსიური გახდა. 11 ლაბორატორიაში კეთდება და ბოლო 6 დღის განმავლობაში 600-700 ტესტს სცილდება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსზე გამოკვლეულია მოსახლეობის 0,6%.

„ამ მაჩვენებლით საშუალო ვართ იმ ტიპის ქვეყნებს შორის, როგორი განვითარებით ჩვენ ვართ. მივისწრაფვით ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებლისკენ და თუ ჩვენ ავალთ დღეში 2 000-2 500 მაჩვენებელზე, ეს იქნება გერმანიის და ავსტრიის მაჩვენებელი. მაგრამ ეს არ არის მასობრივი გაფართოებული ტესტირება. მასობრივი ტესტირება ქვეყანაში მხოლოდ C ჰეპატიტზე ტარდება. არცერთ დაავადებაზე მასობრივი ტესტირებები არ ტარდება. გარდა ისლანდიისა, 2-3%-ს არ სცილდება ტესტირების ჩატარების მაჩვენებლით. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ვისაც დღეს სჭირდებოდა ან სჭირდება ტესტირება, ყველას ჩაუტარდა ეს ტესტი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
| Print |