COVID19
ახალციხეში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა


ახალციხის ცხელების ცენტრში მოთავსებული პაციენტებიდან, კორონავირუსი ერთ-ერთ მათგანს დაუდასტურდა. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხები დღეს, 29 აპრილს მიიღეს. ინფიცირებული ამ წუთებში სავარაუდოდ, გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

პაციენტი რეგიონის მაცხოვრებელი არ არის. ის ცხელების ცენტრში, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით საკარანტინე ზონიდან შეიყვანეს.

გუშინ, 28 აპრილს ახალციხიდან 35 პირის ბიოლოგიური მასალა საკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს. მათგან 22 სამედიცინო პერსონალი, 13 კი ცხელების ცენტრიდან შეყვანილი პაციენტი იყო. ანალიზის პასუხების მიხედვით, კორონავირუსი მხოლოდ ერთ მათგანს აღმოაჩნდა. ვირუსი არ დაუდასტურდა არც ერთ ექიმს.

შეგახსენებთ, რომ ეს ახალციხეში კორონავირუსის დადასტურების მეორე შემთხვევაა. პირველად ვირუსი 25 აპრილს, ასევე საკარანტინე ზონიდან ცხელების ცენტრში შეყვანილ მამაკაცს აღმოაჩნდა.


| Print |