COVID19
უახლოესი ერთი კვირა, კორონავირუსის შემთხვევებმა შეიძლება მოიმატოს, მაგრამ არ იქნება დრამატული - თენგიზ ცერცვაძე

 

მგონია, რომ უახლოესი ერთი კვირა, კორონავირუსის შემთხვევებმა შეიძლება კიდევ მოიმატოს, მაგრამ მატება არ იქნება დრამატული, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ამით უპასუხა კითხვას - იმყოფება თუ არა ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკში.

მისივე თქმით, ეს „ზუსტად არავინ იცის და ყველა ვარაუდს გამოთქვამს“.

ცერცვაძე ფიქრობს, რომ ერთი კვირის შემდეგ უკვე იქნება პლატო და შემდეგ დაიწყება დაღმასვლა.

„მატება არ იქნება დრამატული, არ იქნება ასეულები. იქნება ისევ ორი-სამი-ოთხი ათეული შემთხვევა, რაც ერთი-ორჯერ იყო. პატარა პიკი გვქონდა, ერთხელ იყო 32 შემთხვევა, ერთხელ 40 - სულ ეს იყო ჩვენი პიკი ჯერჯერობით. მე მგონია, ასე, თორემ ჩემი კოლეგების აზრი ვიცი, ისინი უფრო ოპტიმისტები არიან, გამოთქვამენ აზრს, რომ პიკს უკვე მივაღწიეთ, ახლა იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი. მე კი მგონია, რომ უახლოესი ერთი კვირა მატება შეიძლება, მაინც იყოს, მაგრამ არ იქნება ასეულები, შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული დღეში, შემდეგ იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, ახლა ძალიან დიდი რისკია საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების კუთხით. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ოქროს შუალედი უნდა მოინახოს, რომ შეზღუდვები შერბილდეს და ამავე დროს, უკან არ შემობრუნდეს ეპიდემია.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დარჩნენ სახლში.

„მინდა მოსახლეობას ვთხოვო, გემუდარებით, რომ დავრჩეთ სახლში! ყველაზე მთავარია, დავრჩეთ სახლში. აუცილებლობის გარეშე მოვერიდოთ ყველანაირ შეკრებებს, ცოტა ხნით დავივიწყოთ შეკრებები, გართობა, ქორწილები, ქელეხები, გავიჭირვოთ ცოტა ხანი, რომ მართლა ცოტა ხანი გაგრძელდეს და „ეს ცოტა ხანი“ დიდხანს არ გაგვიგრძელდეს“, - განაცხადა ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში.

 

| Print |