COVID19
უნდა მოვემზადოთ შემოდგომისა და ზამთრისთვის - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ფიქრობს, რომ შესაძლოა, კორონავირუსი ზაფხულში მინელდეს, თუმცა, მისი თქმით, ეს დამშვიდების უფლებას არ იძლევა და როგორც მოსახლეობა, ისე ჯანდაცვის სისტემა, შემოდგომისა და ზამთრისთვის უნდა მოემზადოს.

“მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ ზაფხულში ამ დაავადებამ, შესაძლოა, სერიოზული შეღავათი მოგვცეს, მაგრამ როგორც კი ვირუსი ოდნავ მინელდება, ჩვენ არ გვაქვს დამშვიდების უფლება, ჩვენ ყველა უნდა ვემზადოთ შემოდგომისა და ზამთრისთვის. თუ ვაქცინა მანამდე იქნა ეს ძალიან კარგი იქნება, თვითონ სისტემა უნდა იყოს მომზადებული. ვაქცინა შემოდგომისთვის ვერ შეიქმნება იმ რაოდენობით, რომ მთელი მსოფლიოს მოსახლეობას ეყოს. ამას დრო სჭირდება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 623 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 288 პაციენტი. გარდაცვლილია 10 ადამიანი, ხოლო საქართველოს 13 მოქალაქე უცხოეთში გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 702 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 459. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |