COVID19
როცა ქვეყანა გაიხსნება და შევინარჩუნებთ ამ მდგომარეობას, აი, ეს იქნება წარმატება

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლა წარმატებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ქვეყნის გახსნის შემდეგ არსებული მდგომარეობა შენარჩუნდება.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს არ არის საბოლოო წარმატება. 

„ეს არის ეტაპური წარმატება. ჩვენ ვდგავართ კრიტიკულ გზაგასაყარზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ იხსნება შეზღუდვები, იხსნება ქვეყანა, 11-დან გაიხსნება დიდი ქალაქები, მანქანების მოძრაობა აღდგენილია, გარკვეული აქტივობები აღდგენილია, გაიხსნება მაღაზიები, გარდა ტანსაცმლის მაღაზიებისა და რაც ყველაზე მთავარია, გუშინ და გუშინწინ ანონსდებოდა ტურისტული სეზონის გახსნა, სასტუმროების ამოქმედება, მომავალში კაფე-ბარების. ფაქტობრივად, ქვეყანა უბრუნდება ჩვეულებრივ, ნორმალურ ცხოვრებას და ამას აკეთებს ერთ-ერთი პირველი ევროპაში და რაც მთავარია, აკეთებს კარგ ფონზე, როდესაც არ არის იმის საფრთხე, რომ ამას ვაკეთებთ “განწირულობიდან” გამომდინარე.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს და მაინც აკეთებენ ამას, იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს, მაგრამ დაიმახსოვრეთ მთავარი - წარმატებად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გავიხსნებით და ეს მოხდება რამდენიმე დღესა და კვირაში და შევინარჩუნებთ ამ მდგომარეობას, აი, ეს იქნება წარმატება”
, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

| Print |