COVID19
გაყიდვები შემცირდება - ახალციხელი ბიზნესმენები შეზღუდვების მოხსნაზე
საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქების 6-ეტაპიანი გეგმის განხორციელება გრძელდება. ხვალიდან, 11 მაისიდან, ძალაში შედის გეგმის მესამე ნაწილი.  

სრულად გაიხსნება 16 აპრილს ჩაკეტილი თბილისი. შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ ერთი ნაწილი უკავშირდება ბიზნესობიექტების გახსნას.

ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დროული იყო შეზღუდვების შემსუბუქება, რადგან პანდემიამ დიდი ზარალი მიაყენა მცირე და საშუალო მეწარმეებს.

სამშენებლო მაღაზია ,,გელუქსის" დირექტორი გელა ჭალიძე აცხადებს, რომ მომხმარებელთა რაოდენობა თავდაპირველად იქნება ბევრი, თუმცა აუცილებელი ყოფითი საკითხების მოწესრიგების შემდეგ რეალიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდება, თუმცა ახლა ბიზნესისთვის შეზღუდვების შემსუბუქება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

,,კარანტინის დროს ვიღაცას ონკანი გაუფუჭდა, ვიღაცამ დაბლა მეზობელი ჩარეცხა და მსგავსი აუცილებელი პროდუქცია პირველ ეტაპზე გაიყიდება, თუმცა ასე უცებ მშენებლობას არავინ დაიწყებს  და მოსახლეობა, იმის ფიქრით, რომ რთული შემოდგომა/ზამთარია მოსალოდნელი, თანხას დაზოგავს"- განაცხადა გელა ჭალიძემ.

პროდუქციის რეალიზაცია, რომ შემცირდება ამის შესახებ ფერმერებიც საუბრობენ. ყველის მწარმოებელი გიორგი ელიოსიძე შიშობს, რომ ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო, რეგიონში პროდუქციის სიჭარბეა, რაც მის გაიაფებას გამოიწვევს. 

,,ახლა წველადობის დროა, მე ძირითადად ტურისტებზე ვყიდდი ყველს - ტენილს, ჩეჩილს, მესხურს თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებულს, იმერულს. იმისათვის, რომ პირუტყვი ნორმალურად გამოვკვებო, ამისთვის გაძვირებული საკვების ყიდვა მიწევს, თავად კი განახევრებულ ფასში მომიწევს ყველის გაყიდვა, რათა საწყის პოზიციას მაინც დავუბრუნდე" - წუხს გიორგი ელიოსიძე.

,,ანკა დეკორის" დირექტორი ანაიდა კირაკოსიანი ამბობს, რომ გახსნის დღიდან ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით იქნება გათვალისწინებული, თუმცა მომხმარებელთა სიმრავლეს არც ,,ანკა დეკორში" ელოდებიან.
| Print |