COVID19
კორონავირუსი ოთხ პირს დაუდასტურდა, მათგან სამი არასრულწლოვანია

 

ზუგდიდში 4 ადამიანს Covid-19 დადასტურდა. აქედან 3 არასრულწლოვანია.

ბავშვები სატვირთოს მძღოლის კლასტერიდან არიან, ერთი არასრულწლოვანი 42 წლის ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრია, ხოლო ორი - ნათესავი.

კიდევ ერთი ინფიცირებული კი ახალგაზრდა ქალია, რომელმაც საზღვარი გადმოკვეთა და ამ დრომდე კარანტინში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, აქამდე ვირუსი ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტებიდან 6 ადამიანს ჰქონდა დადასტურებული.

პირები, რომელთაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინეს, ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის და და სიძე არიან. ისინი ანაკლიის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ.

მანამდე COVID-19 ინფიცირებული მამაკაცის დედასა და 2 არასრულწლოვან შვილსაც დაუდასტურდა.

ზუგდიდში ტრაილერის მძღოლს კორონავირუსი 16 მაისს დაუდასტურდა. მან საქართველოს საზღვარი ერევნიდან 17 აპრილს გადმოკვეთა და ორი კვირა თვითიზოლაციაში გაატარა, თუმცა კორონავირუსი თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ გამოუვლინდა. თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ ის შიდა გადაზიდვებზე მუშაობდა. მამაკაცს ორმხრივი პნევმონია აქვს და ის თბილისში მკურნალობს. მდგომარეობის გაუარესების გამო, სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს პაციენტის დედაც.

stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 723 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 495 ადამიანი. გარდაცვლილია 12 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3259 მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 323. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

| Print |