ტურისტული სეზონის გახსნა უფრო მეტი რისკი მგონია - თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ტურიზმის გახსნა რისკებთან არის დაკავშირებული და აღნიშნული საკითხი ყველაზე სერიოზული პრობლემაა, რაც დღეს მთავრობის წინაშე დგას.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში, მთავრობამ ოპტიმალური ალგორითმი უნდა შექმნას, თუ როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ უცხოელი ტურისტები.
„შეზღუდვების მოხსნა უდიდეს რისკებს შეიცავს. მე ტურისტული სეზონის გახსნა უფრო მეტი რისკი მგონია, როდესაც ჩვენთან უცხოელები შემოვლენ და ჩვენები დაიწყებენ მგზავრობას უცხოეთში. აქ მიმაჩნია, რომ ჩვენმა მთავრობამ, რომელიც აქამდე ძალიან კარგად მართავდა კოვიდ ინფექციით გამოწვეულ კრიზისს, რაღაც ფანტაზია უნდა გამოიჩინოს. რაღაც ოპტიმალური ალგორითმი უნდა შექმნას, როგორ მივიღოთ უცხოელი ტურისტები ისე, რომ მათ არ დავუკარგოთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი და მეორე მხრივ, ჩვენი მოსახლეობა როგორ უზრუნველყონ ისე, რომ მათაც არ გაუქრეთ უცხოეთში მოგზაურობის სურვილი. ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც ჩვენი მთავრობის წინაშე დგას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებას, ცერცვაძის მოსაზრებით, მეორე სერიოზული პრობლემაა ტრანსპორტი, თუმცა უფრო ნაკლები, ვიდრე ტურიზმი.
„მეორე სერიოზული პრობლემა, ცოტა ნაკლებად სერიოზული ვიდრე ტურიზმის გახსნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება გახლავთ, მაგრამ ისიც აშკარაა ყველასთვის, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. პირველ რიგში უნდა აღდგეს ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობა და შემდეგ შეიძლება, სამარშრუტო ტაქსებზე ვიფიქროთ“, - აღნიშნა ცერცვაძემ.