კორონავირუსით საქართველოში კიდევ 8 პირი დაინფიცირდა
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო რიცხვი 738-დან 746-მდე გაიზარდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ ინფიცირების 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 6 კარანტინში იყო, 2 კი ბოლნისის კლასტერს განეკუთვნება. ექიმის თანახმად, რვავე ახალი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია განთავსებული:
„გუშინ დღე-ღამის განმავლობაში, დილამდე ჩვენთან შემოვიდა 8 დადასტურებული შემთხვევა და ერთი საეჭვო ანტიგენდადასტურებული, რომელიც კონფირმაციას საჭიროებს. ანუ სწრაფი ტეტსტით დადასტურებულია. დღეს გაკეთდება მასთან PCR კვლევა ცხვირ-ხახის ნაცხზე და ვნახავთ შედეგს რაც იქნება", - უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.
ექიმის თანახმად, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს 8 ახალ პაციენტს შორის ხანდაზმულები არ არიან, ერთი კი 16 წლისაა. ამ დროისათვის მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმეს არ სცილდება.
21 მაისის შემდეგ, ახალი შემთხვევების რაოდენობა 5-ს არ აჭარბებდა. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში კი, 1-დან 3-მდე მერყეობდა.
კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 3 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამჟამად 576-ია.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 418-ით აჭარბებს ე.წ. აქტიურ შემთხვევებს.
საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 12 ადამიანი.