COVID19
რაიმე საოცარ გამოვლინებებს ყაურმაში არ ველით - ხათუნა ზახაშვილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, ნინოწმინდის სოფელ ყაურმაში მოსახლეობის საყოველთაო სკრინინგი ორ ეტაპად ჩატარდება.

„ნინოწმინდის სოფელ ყაურმაში დაგეგმილია ის სტანდარტული ღონისძიებები, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვაქვს აპრობირებული სხვადასხვა ტერიტორიაზე. ჩატარდება მოსახლეობის საყოველთაო სკრინინგი სიმპტომების გამოვლენაზე, როგორიც არის ტემპერატურის შემოწმება, რესპირაციული სიმპტომების არსებობის შემოწმება, ასევე მიზანმიმართული ტესტირება იმ შერჩეული ადამიანების, რომლებიც კვლევის შედეგად დადგინდება. ეს ამ სოფელში ორ ეტაპად განხორციელდება და ვფიქრობთ, რომ სიტუაცია იქნება სრულიად მართული. რაიმე საოცარ გამოვლინებებს იქ არ ველით,“ - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

მისი თქმით, დაგეგმილი ღონისძიებების საფუძველზე მიიღებენ გადაყვეტილებას, საჭიროა თუ არა მკაცრი ღონისძიებების გატარება.

"ყველაზე აქტიური კონტაქტები ვინც იყო ინფიცირებულთან კონტაქტში, კარანტინში არიან მოთავსებული და ზედამხედველობა აქტიურად მიმდინარეობს. დაგეგმილია გარკვეული დამატებით აქტივობები, რომელმაც უნდა მოგვცეს ინფორმაცია, საჭიროა თუ არა რაიმე უფრო მკაცრი ღონისძიების გატარება,“- განაცხადა ზახაშვილმა.

სოფელ ყაურმის ერთ-ერთმა მკვიდრმა რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, სავალდებულო კარანტინი გაიარა და სოფელში დაბრუნდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მამაკაცს სოფელში მიაკითხა და უთხრა, რომ ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული.
| Print |