COVID19
6 ახალი კოვიდინფიცირებულიდან, ოთხის დაინფიცირების წყარო უცნობია

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 6-ით გაიზარდა და 828 გახდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათგან 1 სამედიცინო პერსონალია, 1 საკარანტინო სივრციდან, 4-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურში 1 პაციენტი მოთავსდა, რომელსაც კორონავირუსი „ცხელების ცენტრში“ დაუდასტურდა. მისი ინფორმაციით, ეს ადამიანი ძირითადად, სახლში იმყოფებოდა.

„პირველწყარო, ამ 4 შემთხვევასთან არ არის დადგენილი, მიმდინარეობს მათი კონტაქტების კვლევა, ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ვნახოთ, რამდენიმე დღეში უნდა მოიძიოს ამათი წყარო ინფიცირების. ჩვენთან 1 ახალი პაციენტი მოთავსდა ამ 6-დან და მისი დაინფიცირების წყარო უცნობია. ჩემთან მოხვედრილი პაციენტი ძირითადად სახლში იყო, ასაკოვანი ქალბატონია. ცხელების ცენტრში დაუდასტურდა მას დიაგნოზი და ცხელების ცენტრიდან გადმოყვანილ იქნა ჩვენთან”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

"ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ინფიცირების 4 შემთხვევა, რომლის წყაროც დღეის მდგომარეობით დაუდგენილია, არის დიდი რისკის შემცველი. ეს ფაქტობრივად არის 4 ახალი კლასტერი, რომლის შესახებაც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საიდან, როდის ან სად მოხდა ინფიცირება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მოსახლეობას გონიერების გამოჩენა მოუწევს, რათა ის მიღწევა არ დაიკარგოს, რომელიც ქვეყანამ ვირუსთან ბრძოლაში მოიპოვა.

ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 694 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3 230 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 285 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

| Print |