COVID19
თუ წესებს არ დავიცავთ, ამ მეორე ტალღას მოვაახლოებთ - პაატა იმნაძე
პაატა იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს, კორონავირუსის მეორე ტალღის გავრცელებას დააჩქარებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მეორე ტალღა მოჰყვა როგორც 1918, ასევე 2009 წლის პანდემიას.

„ორივე ამ პანდემიას ჰქონდა მეორე ტალღა, რომელიც მეორე ზამთრის სეზონზე იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი. 18 წელს უფრო ძლიერიც კი, ვიდრე პირველი ტალღა. ყველაფრის ალბათობა არსებობს, მაგრამ დიდი ალბათობით, ასე უნდა იყოს. და თუ წესებს არ დავიცავთ, ამ მეორე ტალღას მოვაახლოებთ, ასე ვთქვათ“, - განაცხადა იმნაძემ.

ზომების შემსუბუქება და ეკონომიკის გახსნა აუცილებელია და კარგად უნდა დავიცვათ ბალანსი ერთი მხრივ, შემსუბუქების ნაბიჯებსა და პოლიტიკას შორის, მეორე მხრივ - მზადყოფნას შორის“, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რას გულისხმობს ეს მზადყოფნა.

„მზადყოფნა ნიშნავს, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს იდენტიფიცირებული ყველა ადამიანი, სადაც შესაძლო შემთხვევა შეიძლება იყოს კოვიდის და დღეს, გთხოვთ, თქვენ ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანი ასეთად ჩათვალოთ.

ოჯახის ყველა წევრი, ყველა ნაცნობი, ვისაც ექნება ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება და რესპირაციული სიმპტომები, რადგან დღეს, გრიპის ვირუსი აღარ ცირკულირებს, არის რამდენიმე რესპირატორული ვირუსი, ამიტომ, ასეთი სიმპტომის მქონე ყველა ადამიანმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ტელეფონით, ან 112-ზე დარეკოს. საჭიროა ყველა ასეთი ადამიანის კოვიდზე გამოკვლევა PCR ტექნოლოგიით.

თუ ექიმთან დარეკვა არ გინდათ, შეგიძლიათ მიმართოთ ცხელების კლინიკებს, სადაც ჩაგიტარდებათ კვლევა და 24 საათში გეცოდინებათ პასუხი. ჩვენ გადავდივართ ამბულატორიულ ტესტირებებზე და არ არის საჭირო, რომ დარჩეთ, თუ რა თქმა უნდა, სტაციონარში მოთავსების კლინიკური ჩვენება არ იქნება" -
განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 828 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 694 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. 4 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია.
| Print |