COVID19
ახალციხის საკარანტინო სივრციდან ერთი პირი თბილისში გადაიყვანეს
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სასტუმრო ,,გრანდ პალასიდან" ერთი პირი თბილისში გადაიყვანა. პირს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ფატი ხაბულიანის თქმით, 11 ივნისს, კარანტინიდან გადაყვანილი პირი, რეგიონის მაცხოვრებელი არ არის.

სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 306 პირი იმყოფება. რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, 306 პირიდან 59 მოქალაქე ახალციხეში, გრანდ პალასშია მოთავსებული, დანარჩენი კი ბაკურიანის ხუთ სასტუმროშია გადანაწილებული.

რეგიონში სულ ექვსი საკარანტინო ზონაა გახსნილი, სადაც მოგზაურობის ისტორიის მქონე ან კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი პირები არიან მოთავსებული. ისინი იზოლირებულ სივრცეში ორი კვირა რჩებიან.

ამ დრომდე, სამცხე–ჯავახეთში მდებარე საკარანტინო ზონებში მყოფებიდან, კორონავირუსი ხუთ მოქალაქეს დაუდგინდა, მათ შორის ერთი ბორჯომის, ოთხი კი ახალციხის ცხელების ცენტრში იყო შეყვანილი.


| Print |