COVID19
კორონავირუსის პირველი და მეორე ტალღა ერთმანეთს გადაებმება - თენგიზ ცერცვაძე
ისეთი პირი უჩანს, რომ კორონავირუსის პირველი და მეორე ტალღა ერთმანეთს გადაებმება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტომა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ალბათობაა, რომ პირველ და მეორე ტალღას შორის წყვეტა არ იყოს.

„ნუ დავყოფთ ტალღებად, ჯერ მთელს მსოფლიოში პირველი ტალღა გრძელდება. მართალია, დაიკლო შემთხვევებმა, მაგრამ ეს ჩვენთან დაიკლო - საქართველოში და სულ რამდენიმე ქვეყანაა ევროპაში, სადაც შედარებით დაიკლო ინფიცირების მაჩვენებელმა. რომ გადახედოთ მსოფლიო მონაცემებს, მსოფლიოში შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს. ახლანდელი მდგომარეობა უნდა ჩაითვალოს პირველი ტალღის ნარჩენებად, გაგრძელებად. დასუსტდა პირველი ტალღა, თუმცა, გრძელდება“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, გამკაცრება იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ საქართველოში დაფიქსირდა ის, რაც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში და ჩვენს სამეზობლოში ხდება. ერთნიშნა რიცხვი ან 20-მდე შემთხვევა იქნება და ამას უნდა შევეგუოთ. დღეს რა სიტუაციაც გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის დაბრუნება საჭირო არ არის , - აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი. 

„ჯერჯერობით გამკაცრების საჭიროება იმ თვალსაზრისით, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს. თუ დავინახეთ, რომ ასეთი რაღაცის რისკია ჩვენთან, მაშინ უნდა გამკაცრდეს ზომები. დღეს რა სიტუაციაც არის, საგანგებო მდგომარეობის დაბრუნება საჭირო არ არის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ახლა საჭიროა არსებული წესები დავიცვათ.

„ახლა სხვა რამეა საჭირო - რა მინიმალური შეზღუდვებიც ახლა არსებობს, რომ პირბადეები ვატაროთ, სოციალური დისტანცირება დავიცვათ და ხალხმრავალ შეკრებებს თავი ავარიდოთ, ეს უნდა დავიცვათ და თუ სიტყვა გამკაცრებას ვიტყვით, სწორედ ეს უნდა გამკაცრდეს, რომ დაცული იყოს არსებული მინიმალური შეზღუდვები და არა ის, რომ "კომენდანტის საათი" დაწესდეს და ქალაქებს შორის მიმოსვლა შეწყდეს“
, - განაცხადა ცერცვაძემ.

14 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 864 გახდა. აქტიური შემთხვევების რიცხვი კი 161-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი  703-ს შეადგენს.


| Print |