COVID19
კორონავირუსი ინფიცირებული ყაურმელი მამაკაცის ოჯახმა კარანტინი დატოვა

 

ნინოწმინდის სოფელ ყაურმაში მცხოვრებ, კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრებს, covid19-ზე ტესტი ჩაუტარდათ. ვირუსი არც ერთ მათგანს აღმოაჩნდა. ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის ოთხივე წევრმა საკარანტინე სივრცე 17 ივნისს დატოვა.

„დაწესებულებაში შემოვიდნენ როგორც ინფიცირებულის კონტაქტები. როგორც წესია, სრული 14 დღე დარჩნენ. გაწერის წინა დღეს გაიტესტნენ, როგორც ყველა, ვინც არის საკარანტინო სივრცეში. მათ არ ჰქონდათ არანაირი კლინიკა, რომ ჰქონოდათ ცხელება ან სხვა სიმპტომი, უფრო ადრე გაიტესტებოდნენ. რადგანაც თავს კარგად გრძნობდნენ, ვადის ამოწურვის შემდეგ, სახლში 17 ივნისს გაეწერნენ“, - გვითხრა ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ლია ზედგინიძემ.

შეგახსნებეთ, ნინოწმინდის სოფელ ყაურმაში მცხოვრები, 44 წლის მამაკაცი საქართველოში ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან შემოვიდა. საზღვრის კვეთისთანავე ის გუდაურის საკარანტინე სივრცეში მოათავსეს, თუმცა 31 მაისს, ჩატარებული ტესტის პასუხის საფუძველზე გამოუშვეს. ახალგაზრდა მამაკაცს ორ დღეში სოფელში მიაკითხეს და უთხრეს, რომ მეორე ტესტმა კორონავირუსზე დადებითი აჩვენა, ამიტომ ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სოფლის 300-მდე მაცხოვრებელს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა, სამი მათგანის ბიოლოგიური მასალა კი ლუგარის ლაბორატორიაში, საკვლევად გადააგზავნეს. ვირუსი არც ერთ მათგანს აღმოაჩნდა.
| Print |