COVID19
გიორგი გაბუნიამ სახელმწიფოსგან დაცვის შეთავაზება მიიღო
„მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, მან დღეს სახელმწიფოს მხრიდან დაცვის შეთავაზება მიიღო. ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

„სახელმწიფომ შემომთავაზა ყველანაირი სახის დაცვა. ისიც კი მითხრეს, თუ გინდა სახე, სახელი და გვარი შეიცვალეო, არ ვიცი, უნდა გადავწყვიტო რა დამჭირდება. უნდა მოვილაპარაკო ადვოკატთან. მე ჩემი პირადი დაცვა მიცავს და უნდა შევაფასოთ საფრთხეები რამდენად არსებობს. გაუთქმელობის პირობაზე ხელი არ მომიწერია და შემიძლია თავისუფლად საუბარი.

ვიცი და ეჭვი არ მეპარება, რომ თუ ვინმეს ჩემი ლიკვიდაცია შეიძლება მოუნდეს, ეს შეიძლება მოდიოდეს მხოლოდ რუსეთიდან, რუსეთი ნიშნავს პუტინს და რამზან კადიროვის გავლით თუ მოხდება ეს. რამზან კადიროვის მიღმა რა ხდება, არ ვიცი. ჩვენ ვიცით, რომ რამზან კადიროვი ამას პირადად არ აკეთებს. თუ ვინმეს დაუკვეთავს მკვლელობას, რა თქმა უნდა, ამას რაღაც დაჯგუფება აკეთებს,“- განაცხადა გაბუნიამ.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას განცხადებით, იმასთან დაკავშირებით რომ, სავარაუდოდ, მისი ლიკვიდირება იგეგმებოდა, ინფორმაციის ორი წყარო ჰყავდა - მისი დაცვის წევრი და ტელეკომპანია “მთავარის“ დირექტორი ნიკა გვარამია. როგორც გაბუნიამ საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლის კითხვები ძირითად იმას შეეხებოდა, საიდან ჰქონდა მისი შესაძლო ლიკვიდირების თაობაზე ინფორმაცია და იცოდა თუ არა რაიმე კონკრეტული დეტალები. მისივე განცხადებით, არ იცის, კონკრეტულად რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება.

გიორგი გაბუნიას გარდა დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც დაიკითხება. მათი დაკითხვა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება. ტელეკომპანია „მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.
| Print |