ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს 5 ქვეყანასთან საზღვრების გახსნის საკითხის გადახედვას
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ 5 ქვეყანასთან საზღვრის უპირობოდ გახსნის შემდეგ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, დღეს მიღებული გადაწყვეტილება გადაიხედება.
„ჩვენ ყოველ კვირას დავაკვირდებით იმ მდგომარეობას, თუ რა შედეგები იქნება მიღებული და ევროკავშირის ქვეყნებთან განხილული იქნება თავიდან, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. აქედან გამომდინარე იქნება შეტანილი ცვლილებებიც იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც დღეს არის მიღებული", - განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან.
მინისტრმა იმაზეც ისაუბრა, რა შემთხვევაში შეიძლება გამკაცრდეს რეგულაციები.
„ჩვენ გვაქვს გარკეული შუქნიშანი, სადაც არის მოცემული სამი კომპონენტი: ქვეყანაში საწოლების რაოდენობა და მათი დატვირთვა, ინფექციის გავრცელების კოეფიტიენტი და ასევე ბოლო ორი კვირის მანძილზე დაფიქსირებული გავრცელება ქვეყანაში. ვაკვირდებით ამ შუქნიშანს და იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა მძიმდება, ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომ შევზღუდოთ გარკვეული ფრენები და ასევე შიდა რეგულაციებიც გავამკაცროთ", - აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოს კერძოდ, გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს საზღვარს უპირობოდ უხსნის.