COVID19
2 ახალი შემთხვევიდან 1 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, მეორე პაციენტის წყაროს დადგენის მიზნით, ეპიდკვლევა მიმდინარეობს
თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი, უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეორე პაციენტის ეპიდკვლევა, კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, 4 გამოჯანმრთელებული პაციენტია, რომელთაგან სამი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

„ გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა არის 81,5% და ლეტალობის მაჩვენებელი, დაახლოებით მუდმივად 1,44%-სა და 1,46%-ს შორის მერყეობს და დღევანდელი მონაცემებით, 1,44%-ა. 2 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ხოლო მეორის ეპიდკვლევა გრძელდება კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. ,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, თუ ჩვენს თავს დავიცავთ და ერთმანეთს არ შევუქმნით საფრთხეს, ქვეყანაში კონტროლირებადი, მცირე მატება იქნება, რაც მისი განმარტებით, ქმნის ილუზიას, თითქოს ქვეყანაში კოვიდინფიცირებულები არ არიან.

„საქართველოში არის ზომიერი, კონტროლირებადი მატება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კარგ იმედებს იძლევა და ამის საფუძველი გახლავთ ჩვენი საქციელი - ჩვენ როგორ მოვიქცევით მომავალში. კოვიდდაავადებულები არ გაქრებიან ქვეყნიდან. თუ ჩვენს თავს დავიცავთ და ერთმანეთს არ შევუქმნით საფრთხეს დაავადების გავრცელების თვალსაზრისით, ასეთი კონტროლირებადი, მცირე მატება გვექნება, რომელიც ილუზიას ქმნის, თითქოს ქვეყანაში არ არიან კოვიდინფიცირებულები, მაგრამ ნამდვილად არიან და უნდა გავაგრძელოთ თავშეკავებული ცხოვრება თუ ეს შესაძლებელი იქნება,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
| Print |