COVID19
ბოლო პერიოდში ხალხმრავალი შეკრებების რაოდენობა გაიზარდა, რაც სახიფათოა - ცერცვაძე
ხალხმრავალი შეკრებების რაოდენობა გაიზარდა, რაც ყველაზე მეტად სახიფათოა, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, სიკვდილობის საშუალო მაჩვენებელმა მსოფლიოში დაიკლო, მაგრამ არა იმდენად, რომ ის დამშვიდების საშუალებას იძლეოდეს.

„ბოლო დროს, უცხოეთშიც და საქართველოშიც ექსპერტები ამბობენ, რომ თითქოს, დაავადების სიმძიმის პროფილი ძალიან შეიცვალა. გახშირდა ახალი კორონავირუსის შედარებით მსუბუქი შემთხვევები, მოიკლო მძიმე შემთხვევებმა და სიკვდილობამ - ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის სწორი. მართალია, მსოფლიოში, საშუალო სიკვდილობის პროცენტმა მოიკლო 5%-დან 3.5% -მდე, მაგრამ ეს ზოგიერთი ქვეყნის ხარჯზე მოხდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალი კორონავირუსი ნაკლებად სახიფათოა, ან ნაკლებად სასიკვდილო. ბევრ წამყვან ქვეყანაში, თუნდაც ისეთში, როგორიცაა საფრანგეთი, ინგლისი და ესპანეთი, სიკვდილობა 10%-ს აჭარბებს. 

საქართველოში ბოლო გარდაცვალება 28 ივლისს დაფიქსირდა, 20 დღე გავიდა და მას შემდეგ ჩვენ გვყავდა 22 მძიმე ავადმყოფი და 7 კრიტიკულად მძიმე პაციენტი. მცდარია მოსაზრება, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა მსუბუქია, საშუალო სიმძიმის ან უსიმპტომოა. კვლავ რჩება დაავადების სიმძიმე, რაც უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ“,
- განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის მიკრო პიკები არ წარმოადგენს ნაციონალურ საფრთხეს.

„ჩემი მოსაზრებით, არ გვექნება დაავადების ფართო გავრცელება. არ დაგვჭირდება ფართომასშტაბიანი შეზღუდვების და საკარანტინო ღონისძიებების დაწესება. შემოვიფარგლებით ლოკალური ღონისძიებებით, როგორიც არის ყაზბეგში, მესტიაში და ქობულეთში. 

ბოლო პერიოდში შეიმჩნევა პირბადეების მოხმარების კლება, ხალხმრავალი შეკრებების რაოდენობა გაიზარდა, რაც ყველაზე მეტად სახიფათოა. ლენჯერში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, სწორედ ხალხმრავალ შეკრებას უკავშირდება. სოციალურ დისტანციასაც აღარ ვიცავთ ისე, როგორც ვიცავდით. უნდა გავუფრთხილდეთ მიღწეულ შედეგს“
, - განაცხადა ცერცვაძემ.
| Print |