COVID19
კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 4 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია
თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 9 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 1 სამედიცინო პერსონალი, სამი კი შემოტანილი შემთხვევაა. მისივე ინფორმაციით, ერთი პაციენტის კონტაქტების კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს წყაროს დადგენის მიზნით.

„დაგვემატა 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ამჟამად არის 1394 დადასტურებული შემთხვევა. ეს 9 შემთხვევა ასეთი განაწილებითაა, 4 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 1 არის სამედიცინო პერსონალი, 3 არის შემოტანილი შემთხვევა და ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით, რომ დადგინდეს წყარო. ახალი დადასტურებული შემთხვევების ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის მძიმე და არც კრიტიკულია,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი ინფორმაციით, ამჟამად კოვიდცენტრებში მკურნალობას 245 პაციენტი აგრძელებს, რომელთაგან 5-ის მდგომარება კრიტიკული, 23-ის კი - მძიმეა.

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 4-ით გაიზარდა და გახდა 1132. გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი უცვლელია და არის 81%. ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღევანდელი მაჩვენებლებით კოვიდცენტრებში მკურნალობს 245 პაციენტი. კვლავ კრიტიკულად რჩება 5 პაციენტი და მძიმე პაციენტი გვყავს 23 და ეს პაციენტები კოვიდცენტრების რეანიმაციისა და ინტესიური თერაპიის განყოფილებებში აგრძელებენ მკურნალობას. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უმეტესად საშუალო სიმძიმის, შედარებით მცირე რაოდენობის პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია და პაციენტების ძალიან მცირე ნაწილი უსიმპტომოა.

ჩვენი ცენტრის მონაცემებით, გუშინ გვყავდა 32 დადასტურებული შემთხვევა, მხოლოდ 1 გამოჯანმრთელდა, ახალი პაციენტი არ მიგვიღია და დღევანდელი მონაცემებით 31 პაციენტი მკურნალობს ჩვენს ცენტრში. გვყავს 1 კრიტიკულად მძიმე და 2 მძიმე პაციენტი. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია,“
- განაცხადა ეზუგბაიამ.
| Print |