COVID19
15 პირის კორონავირუსით ინფიცირების წყარო უცნობია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში დაახლოებით, 15 ინფიცირებული პაციენტია, რომელთა წყარო ჯერ კიდევ ცნობილი არ არის.

„დაახლოებით, 15-მდე გვაქვს დღეისთვის დაავადებათა შემთხვევები, სადაც წყაროზე ჯერჯერობით გასული არ ვართ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსი ჯამში 140-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა.

„დაახლოებით 140-მდე სატვირთოს მძღოლია ინფიცირებული, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა. დღიურად შემოდის, დაახლოებით, 500-მდე სატვირთო ავტომობილი ქვეყანაში, რომელსაც სურსათ-სანოვაგე შემოაქვს და გააქვს ქვეყნიდან. კარგად მუშაობს საზღვრებზე მათი სწრაფი ტესტირების მექანიზმი და ვინც ოდნავ საეჭვოა, ისინი გადადიან შემდგომ PCR ტესტირებისთვის კარანტინში და ამით ჩვენ აღვკვეთეთ ვირუსის შემდგომი გავრცელება ქვეყანაში,“ - განაცხადა გამყრელიძემ.
| Print |