ერთი ინფიცირებული ქორწილში იმყოფებოდა - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გურიაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა აღმოჩენილი, აქედან ერთი ინფიცირებული ქორწილში იმყოფებოდა, ერთი მათგანი კი სამი თვის ჩვილია.
„გურიაში გვაქვს 3 დადასტურებული შემთხვევა. გარკვეულწილად, ერთი ებმის ისევ და ისევ აჭარას და მიმდინარეობს ეპიდკვლევა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
სამი თვის ჩვილს კორონავირუსი ჩოხატაურში, სოფელ ქვენობანში, დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„იქ არის ფიზიკური კონტაქტი, ბავშვი ხელში ეჭირა ინფიცირებულს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით, საქართველში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 621-ია. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 1302-ს შეადგენს.