COVID19
„ჯანდაცვის სისტემის მზაობა დღეს ბევრად უფრო მაღალია" - თამარ გაბუნია 
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დღეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მზაობა ეპიდსაფრთხეებზე რეაგირებისთვის მზად არის.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებობს სასუნთქი აპარატების, პირადი დაცვის საშუალებების და ტესტების საჭირო მარაგი.

„ჯანდაცვის სისტემის მზაობა დღეს ბევრად უფრო მაღალია მიკრო აფეთქებებისთვისაც და ეპიდსაფრთხეებზე რეაგირებისთვისაც, ვიდრე ეს იყო რამდენიმე, თუნდაც, 2-3 თვის წინ. სამეციდინო დაწესებულებების მობილიზაციის ხარისხი არის მაღალი. დღეს, 500 საწოლი არის მზად, რომ მიიღოს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები. საჭიროების შემთხვევაში, საწოლფონდის რაოდენობა გაიზრდება. არის კონკრეტული გაწერილი სქემა, იმის მიხედვით, თუ აქტიური შემთხვევების რა რაოდენობაზე მოხდება დამატებით კლინიკების მობილიზება.

რაც შეეხება პირადი დაცვის საშუალებებს, ამის მარაგიც არსებობს, ტესტების მარაგიც გვაქვს და კიდევ დამატებით იქნება შეყიდვა მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა დონორების დახმარებით, ჩვენ გვაქვს გარკვეული სარეზერვო დახმარება გადაუდებელი დახმარების აღჭურვილობის, მათ შორის სუნთქვის აპარატების, ასე რომ მზაობის ხარისხი არის საკმარისად მაღალი“
, - განაცხადა გაბუნიამ.


| Print |