COVID19
კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 21 აჭარაში გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 21 აჭარაში გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 21 -დან 3 ე.წ. ხოფას ბაზრობის კლასტერს უკავშირდება.

უწყების ცნობით, დღეს ბაზრობაზე მასიური ტესტირება დაიწყო, მანამდე კი ბაზრობა დახურული იქნება.

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში PCR ტესტი 2767 პირს ჩაუტარდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, რეგიონის ჩაკეტვაზე საუბარი ჯერ არ არის, თუმცა რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების გაფართოება იქნება საჭირო.

„აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა. იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარა უკვე წითელი ზონაა და იქ ალბათ დამატებითი ღონისძებები იქნება გასატარებელი, ეს არის რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების უფრო მეტად გაფართოება“
,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა მეტყველებს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებამ ინტენსიური ხასიათი მიიღო და კონტროლირებადი მატება ეჭვქვეშ დგება.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებლები შეიცვალა და 100 ათას მოსახლეზე 8 გახდა.

„მართალია, ამ მაჩვენებლით ჯერჯერობით ქვეყანა რჩება „მწვანე ზონაში“, რადგან ეს ინციდენტობა არის 10-ზე ნაკლები, მაგრამ ახალი 45 შემთხვევა ქვეყანაში პირველად დადასტურდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ დაავადებამ მიიღო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვისქვეშ დგება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
| Print |