COVID19
ამირან გამყრელიძე საზოგადოებას რეკომენდაციების მკაცრად დაცვას სთხოვს
კიდევ ერთხელ მოგმართავთ და ვიმეორებთ, რომ აუცილებელია ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რაზეც სახელმწიფო, ჯანდაცვის სექტორი საუბრობს, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა. 

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ რეკომენდაციებზე, რომლის დაცვაც აუცილებელია.

„ეს რეკომენდაციები გახლავთ: ყველა დახურულ შენობაში პირბადის გამოყენება, ასევე თუ ვიკრიბებით გარკვეული რაოდენობით ადამიანები და დისტანციას ვერ ვიცავთ, გარეთაც პირბადის გამოყენება. აუცილებელია დისტანციის დაცვა, ერთი მეტრი, მეტრ ნახევარი და თუ არის საშუალება, კიდევ უკეთესი - ორი მეტრი. აუცილებელია სანიტარული წესრიგის დაცვა და ზოგადად, მონიტორინგის გამკაცრება“,- აღნიშნა გამყრელიძე.

მისი თქმით, მოქალაქე საეჭვო სიმპტომის გაჩენისთანავე უნდა დაუკავშირდეს 112-ს.

თვითმონიტორინგის გამკაცრება ნიშნავს იმას, რომ ყველამ ჩვენ-ჩვენი ჯანმრთელობის თვითმონიტორინგი ვაწარმოოთ - გვაქვს თუ არა მცირე ტემპერატურის მომატება, გვეწყება თუ არა ხველა, სუნთქვის უკმარისობა, დავრეკოთ 112-ზე, მივმართოთ ექიმს და ექიმის დანიშნულების მიხედვით ვიმოქმედოთ. თუ რომელიმე ეს სიმპტომი არის, ექიმი თქვენ გეტყვით, რომ უნდა ჩაიტაროთ ტესტირება, კოვიდზე და ეს აუცილებლად ჩასატარებელია და მოგეხსენებათ, ამისთვის ქვეყანაში დაახლოებით 40-50-მდე ადგილი არსებობს ქვეყანაში. მათი სია არის ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ გვერდებზე და შეგიძლიათ მიმართოთ და ამას ყველაფერს აფინანსებს სახელმწიფო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
| Print |