COVID19
კორონავირუსის მეორე ტალღა ზამთარში იქნება - მარინა ეზუგბაია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები უბრალოდ მონაცემების მატებაა და მეორე ტალღა მოსალოდნელია ზამთარში, როდესაც სეზონური ინფექციების Covid 19-თან თანხვედრა მოხდება.

მარინა ეზუგბაიას თქმით, დაინფიცირებულთა რიცხვის მატება შიდა ტურიზმთან არის დაკავშირებული.

„ეს არ არის მეორე ტალღა, მეორე ტალღა იქნება, როდესაც ზამთრის სეზონი მოვა. ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის შუა რიცხვებში, როდესაც მოხდება სეზონური ინფექციების თანხვედრა კოვიდ 19-თან, შემდეგ იქნება მეორე ტალღაზე საუბარი მოსალოდნელი. ამ ეტაპზე გვაქვს მატება, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს შიდა ტურიზმთან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ათეული შემთხვევების მატება სამედიცინო სექტორს მძიმე ტვირთად არ დააწვება და ამას ჯანდაცვის სამინისტრო გაუმკლავდება. მთავარია ასეულობით არ დაგვეწყოს შემთხვევების ზრდა და როგორმე არსებული შემთხვევების რაოდენობის შეკავება გვჭირდება. ჩვენი თავდაცვა განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს, რეგულაციები უნდა შესრულდეს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან, 27 აჭარაში გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 122 პაციენტი მკურნალობს. 18 ინფიცირებული მეთვალყურეობას საკარანტინი სივრცეში გადის, მათი მდგომარეობა უსიმპტომოა. ექიმების განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მათ საკარანტინო სივრციდან კლინიკაში დააბრუნებენ.

კორონავირუსზე გაფართოებული კვლევა როგორც კარვებში, ასევე ბათუმის პოლიკლინიკებში მიმდინარეობს.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 5 პაციენტის წყარო არის საკონდიტრო „დონა“, 14 პაციენტის ინფიცირება დაკავშირებულია ბათუმთან, 18 პირი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა, 4 პაციენტის ინფიცირება უკავშირდება აჭარაში მოგზაურობის ისტორიას, ინფიცირების 3 შემთხვევა არის შემოტანილი, საიდანაც 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 5 არის სამედიცინო პერსონალი, ხოლო 8 პაცინეტის წყარო ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში ავადობის მაჩვენებელი 100 ათას კაცზე გაიზარდა და 10.2-ს შეადგენს.


| Print |