COVID19
ქუთაისის სკოლის 21 თანაშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანაშრომელს, მათ შორის დირექტორს და მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა. პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ინფორმაციას ადასტურებს სკოლის დირექტორის მოადგილე ნათია ხაზარაძე. მისი თქმით, თანამშრომლების ნაწილი, ამ დროისთვის სკოლაში იმყოფებიან და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდებიან.

მისი თქმით, ამ დროისთვის სიმპტომი არავის აქვს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 32-ე სკოლის 21 ინფიცირებული თანამშრომლიდან მძიმე მდგომარეობა არცერთს არ აქვს და მათ დაავადებისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ.

„ქუთაისის 32-ე სკოლაში 21 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, რომელიც თბილისში ჩატარებულ ერთ-ერთ დიდ სადღესასწაულო სუფრას უკავშირდება. ამავე სუფრიდან „ცაგერის კლასტერი“ შეგვექმნა, სადაც 12 დადასტურებული შემთხვევაა, ასევე ქუთაისის 3 შემთხვევა, რომელიც 21 შემთხვევამდე გამოვლინდა და ასევე ზუგდიდის შემთხვევა.

უნდა გავითავისოთ, რომ არ არის ახლა სადღესასწულო და ჭირის სუფრების დრო, რომელიც ძალიან მომატებული რისკია ინფექციის გავრცელების. ფაქტია, რომ ინფექციის გავრცელების ინტენსივობამ ქვეყანაში მოიმატა.

ორი დიდი კლასტერი, რომელიც ახლა ჩამოყალიბდა, სადღესასწაულო სუფრებს უკავშირდება. ერთი ბათუმში დიდი ქორწილი, რომელმაც „გურიის კლასტერი“ მოგვცა, 8 შემთხვევით და მეორე უკვე თბილისის სადღესასწაულო სუფრა.

გამოვლენილი 21 შემთხვევის კონტაქტების კვლევა ახლა მიმდინარეობს.

32-ე სკოლაში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ სკოლის პედაგოგების ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი კარანტინში და ახლა მიმდინარეობს 21 ინფიცირებულის საავადმყოფოებში გადანაწილება. საბედნიეროდ შემთხვევების უმეტესობა უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომებითაა, ტემპერატურის მომატებით და ხველით. მძიმე შემთხვევა არცერთი არაა. დიდი ალბათობით, ამ სკოლაში არ იქნება დასწრებული სწავლის განახლების საშუალება. ალბათ, უფრო რეკომენდაცია იქნება, თუ განახლდა სწავლა, ონლაინ რეჟიმში განახლდეს“,
- განაცხადა გამყრელიძემ.
| Print |