COVID19
პრემიერმა ჯანდაცვის სამინისტროს 3000 საწოლის გამზადების მითითება მისცა
საქართველოს პრემიერ - მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიეცა მითითება, რომ უახლოეს დღეებში მზად იყოს 3000 საწოლი, იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კიდევ გაიზარდა, მათ შეძლონ და ეფექტურად უმკურნალონ პაციენტებს. ამასთანავე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ინფიცირების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ეპიდემიოლოგები, კლინიკური ჯგუფი და მთავრობა სრულად აკონტროლებენ სიტუაციას.

მისივე თქმით, ცოტახანში ქვეყანაში 10 ათასი PCR ტესტი ჩატარდება და თუ საჭიროება მოითხოვს ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„როცა ჩვენ ვამბობთ, რომ არ არსებობს პანიკის არანაირი საფუძველი, ვგულისხმობთ იმას, რომ ბოლო 5-6 თვე ჩვენ გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ყველა ის სისტემა, რომელიც ჩართულია ეპიდემიის მართვაში, დღეს არის აბსოლუტურად სხვა ფორმაში და სხვა მდგომარეობაში. მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, მარტიდან ეპიდემიოლოგები საქართველოში ახერხებდნენ დღეში 200-მდე PCR ტესტის გაკეთებას, დღეს ქვეყანაში უპრობლემოდ საშუალოდ 8000 ტესტი კეთდება ზუსტად. უახლოეს პერიოდში ეს რაოდენობა გაიზრდება 10 ათასამდე და თუ საჭირო იქნება, შემდეგ უკვე ამ რაოდენობის ზრდის პერსპექტივაც არსებობს. ჰოსპიტაურ სისტემაში უკვე ყველა პრევენციის მექანიზმი - 112, პირველადი ჯანდაცვის რგოლი, შემდგომ კარანტინი, გამოვლენა, ჰოსპიტალი ეს სისტემა უკვე მუშაობს საათივით და აქ არანაირი შეფერხება არ იქნება. დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ უახლოეს დღეებში მზად იყოს 3000 საწოლი, იმისთვის, რომ თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, მათ შეეძლოთ სწრაფად და ეფექტურად უმკურნალონ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების რაოდენობა იზრდება, სრულად ვფლობთ და ვმართავთ ამ სიტუაციას. არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს,“- განაცხადა გახარიამ.
| Print |