COVID19
ვის და როგორ შეუძლია სომხეთში შესვლა?
სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებით კარანტინი 2021 წლის 11 იანვრამდე გახანგრძლივდა. შესაბამისი ბრძანება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საკარანტინე ვადის ამოწურვამდე, ქვეყანაში შესვლა სახმელეთო საზღვრიდან იკრძალება. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ოჯახებისთვის და იმ პირებისთვის, ვისაც სომხეთში ცხოვრების უფლება აქვს, ასევე, დიპლომატებისა და მათი ოჯახებისთვის. ქვეყანაში, ასევე, შესვლა შეეძლება სომხეთში დაკრძალვაზე და პანაშვიდებზე დასასწრებად ჩასულ პირებს. ქვეყნაში შესვლა არ აკრძალულა მძღოლებისთვის, რომლებიც საერთაშორისო გადაზიდვებზე მუშაობენ.

სომხეთის ტერიტორიაზე შემსვლელმა ყველა ადამიანმა სავალდებულო სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. კორონავირუსის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, ხორციელდება ჰოსპიტალიზირება. 

თუკი სიმპტომები არ აღმოჩნდება, მოქალაქეს 14 დღიანი თვითიზოლირების გავლის ბრძანება ეძლევა, ამ პერიოდის განმავლობაში მას შეუძლია PCR-ტესტის ჩაბარება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თვითიზოლირებიდან გამოსვლა.  

ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარის პირებს საზღვრის გადაკვეთა, მხოლოდ ხელმოწერილი შეტყობინების შემთხვევაში შეუძლიათ.

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 45 675- მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 911-ს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 41 605 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
| Print |