COVID19
ვვარაუდობ, რომ კორონა თბილისში შემხვდა და არა სომხეთში - კოვიდ 19-ით ინფიცირებული მამაკაცი
ვვარაუდობ, რომ კორონა თბილისში შემხვდა და არა სომხეთში - აცხადებს კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი, რომელიც ახალციხეში დედის დაკრძალვაზე ჩამოვიდა და ვირუსი სომხეთში დაბრუნებულს დაუდასტურდა.

"მე რომ საქართველოში ჩამოვედი სომხეთის საზღვარზე ტესტი ამიღეს და კორონავირუსი არ დამიდასტურდა. გამომიშვეს. ვვარაუდობ, რომ კორონა თბილისში შემხვდა და არა სომხეთში ან სხვაგან" - აცხადებს ინფიცირებული მამაკაცი.

ირკვევა ისიც, რომ მის ორ თანამშრომელს თბილისში, რამდენიმე დღეა მაღალი სიცხე აქვს. დაავადებული მამაკაცი ამბობს, რომ სომხეთიდან ჩამოსული მათ შეხვდა და სავარაუდოდ, ამის შესაძლოა შემდეგ დაინფიცირდა.

მამაკაცისთვის ვირუსის დადასტურების შემდეგ, ახალციხეში 100-მდე მოქალაქეს 18 სექტემბერს ანალიზები აუღეს. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები ბაკურიანის საკარანტინე სივრცეში გადაჰყავთ.

13 სექტემბერს, მამაკაცის დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა ადგილობრივი ედუარდ აივაზიანიც. იგი ამ ეტაპზე ბაკურიანის საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული. აივაზიანის თქმით, მას შემდეგ 5 დღეა გასული და თავს კარგად გრძნობს. 

"დაავადებულ მამაკაცს ტელეფონით ვესაუბრე და ვკითხე რა მოხდა. მან დამიდასტურა რომ კორონა მაქვსო. მე როდესაც ვნახე დაკრძალვაზე, მას შემდეგ ხუთი დღე გავიდა. თავს კარგად ვგრძნობ" - განუცხადა "მეცხრე არხს" ედუარდ აივაზიანმა. 

შეგახსენებთ, რომ მამაკაცის დაინფიცირების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მან ახალციხე დატოვა და სომხეთში დაბრუნდა. სავარაუდო კონტაქტების ტესტირების პასუხი დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი.


ფოტოს ავტორი: ედუარდ აივაზიანი
| Print |