COVID19 - ზე ახალციხიდან, დღეს კიდევ 12 მასალა გაიგზავნა
ბაკურიანის სასტუმროში განთავსებულ 26-ივე პირსა და ახალციხის სასტუმროში განთავსებულ 41 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკა ,,იმედში" ამ დრომდე ელოდებიან ერთი პირის ტესტის პასუხს.
ჯამში, კოვიდინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 67 პირის პასუხი კოვიდ19-ზე უარყოფითია.
ტესტირების პარალელურად გრძელდება კოვიდინფიცირებული მამაკაცის კონტაქტების მოძიება.
დღეს, 19 სექტემბერს, დამატებით 12 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში.
ეპიდემიოლოგთა განმარტებით, დაკრძალვასა და სხვა სასწრაფო საქმის გამო ქვეყანაში შემომსვლელ პირს, ტესტირების შედეგად კორონავირუსი თუ არ დაუდასტურდა, მისი საქართველოში შემოშვება დასაშვებია ერთი პირობით - ყოველ სამ დღეში უნდა გადამოწმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ან სამი დღის შემდეგ დატოვოს ქვეყანა.
ამ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იმით ხსნიან, რომ დაინფიცირების შემთხვევაში, 72 საათის განმავლობაში დაავადება გადამდები არ არის.