COVID19
კოვიდ 19 გავრცელების რეკორდულობით საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ - ბიძინა კულუმბეგოვი
ჩვენს ქვეყანაში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, კოვიდინფექციის რეკორდული ზრდა ფიქსირდება. წინა 2 კვირასთან შედარებით, დღეის მონაცემებით არსებული მატება 571%-ია, რაც მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევაა, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში დაავადებული ადამიანების 80%-ს დაავადების ძალიან უსიმპტომო, მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობა აღენიშნება, რის გამოც აქცენტი მათ სახლში მოვლაზე უნდა გადავიტანოთ.

,,ასეთი რადიკალური ნახტომი, ეკვადორის გარდა არც ერთ ქვეყანას არ აქვს. საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია ჯერ არ გვაქვს. საქართველოში დაავადებული ადამიანების 80%-ს აქვს დაავადების ძალიან უსიმპტომო, მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობა აღენიშნება. რეალურად, მათ სახლში მოვლაზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი, რაც აჭარის პირობებში უკვე ხორციელდება. თუ 600 ადამიანია ინფიცირებული, მათ 20-25%-ს სჭირდება საწოლი. ადამიანები 9 თვის განმავლობაში ძალიან დაიღალნენ, მაგრამ მაქვს გარკვეული განცდა, რომ ზაფხულის პერიოდში ხელისუფლების გარკვეულმა წარმომადგენლებმაც კი დაიჯერეს, რომ ჩვენ ინფექცია მოვითავეთ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით გამონაკლისი აღმოვჩნდით“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ბათუმში პაციენტების ძალიან დიდ ნაწილს რთული მდგომარეობა არ აღენიშნება, თუმცა შემთხვევები მატებასთან ერთად, შესაძლოა, როგორც მძიმე პაციენტების, ასევე გარდაცვალების რაოდენობა გაიზარდოს.

,,შეზღუდვებით, მოქალაქეების მაქსიმალურად მობილიზებით და მკურნალობის გააზრებით ვფიქრობ, მოვლენები აჭარასა და დანარჩენ საქართველოში დრამატულად არ უნდა განვითარდეს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.



| Print |