COVID19
ასპინძის სოფელ რუსთავის მოსახლეობა თვითიზოლაციაშია
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში, ექთანს COVID-19 დაუდასტურდა. მას აჭარის რეგიონში მოგზაურობის ისტორია აქვს. ამის გამო, სოფელში შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა.

,,ბათუმში იყო წასული, იქ მუშაობდა. დაახლოებით ერთი კვირაა რაც დაბრუნდა. დადის პოლიცია ახლა და აცხადებს, სახლიდან არ გამოხვიდეთო. დღეს დილით, კვირის ბაზარში მიდიოდა და არ გაუშვეს ხალხი. ტესტირებას ჩავატარებთ და მერეო. არც არავინ მოსულა მას მერე" - ამბობს ფატი ბერიძე.

,,დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩამოვიდა, მაგრამ სახლიდან არ გამოდიოდა, სიმპტომები მაქვსო. წავიდა საავადმყოფოში და დაუდგინდა. თვითონ შეხება სხვებთან ნაკლებად ჰქონდა, ბავშვები კი მიდი-მოდიოდნენ. რვასულიანი ოჯახია და ოჯახის წევრებიც და მეზობლებიც ყველა თვითიზოლაციაში ვართ. ერთმანეთს აივნებიდან ველაპარაკებით, ეზოებიდან არ გავდივართ" - ამბობს ადგილობრივი ჯემალ იაკობიძემ.

სოფელში 27 სექტემბრიდან პატრულირებს პოლიცია და მერიის ჯანდაცვის სამსახური, რომლებიც მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. ასევე გრძელდება ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების მოკვლევა. რუსთავში პირველადი ტესტირება სამშაბათიდან დაიწყება.

,,დილით ბაზარში მივდიოდით და გვითხრეს, რომ ამის უფლება არ გვქონდა. პროდუქტი ისევ ეზოში გვიწყვია. თვითონაც ექთანი იყო და კიდევ კარგი, რომ დროულად მიმართა საავადმყოფოს" - გვითხრა მზია პაქსაძემ.

ინფიცირებული ქალი ბათუმიდან რუსთავში დაახლოებით, ერთი კვირის წინ დაბრუნდა. მეზობლების თქმით, ყოფილი მედდა საეჭვო სიმპტომების გამო, სახლიდან არ გამოდიოდა. მოგვიანებით კი ასპინძის კლინიკას მიმართა.

,,მეორე ტესტირების დროს ინფიცირება დაუდასტურდა და კატასტროფის მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყველა კონტაქტი გაფრთხილებულია, მეზობლები და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც შეხება ჰქონდა, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ასეთი 29 კონტაქტია. საეჭვო სიმპტომების გამო, ამბობს რომ ბავშვებიც არ გაუშვია სკოლაში" - აცხადებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე.

დღესვე რუსთავის გარდა, კიდევ ერთი ინფიცირებული ადიგენის სოფელ ჭეჭლას მაცხოვრებელს დადუდასტურდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში რეგიონში 600-მდე ნიმუშია აღებული.

,,ინფიცირებულ პირებთან კონტაქტის ნაწილი მოძიებულია. დღევანდელი მდგომარეობით, 100-მდე პირი, ვისაც ინფიცირებულებთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან" - გვითხრა გიორგი მიქელაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის სამცხე-ჯავახეთის საკარანტინე სივრცეში 400-მდე პირია განთავსებული.
| Print |