COVID19
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, COVID 19-ის გამო, რეგიონში მობილიზება გამოაცხადა
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას რეგიონში ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი, მუნიციპალიტეტების მერები, დაავადებათა კონტროლის რეგიონული სამსახურის წარმომადგენელი და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, შეხვედრაზე რეგიონში არსებული ეპიდ-ვითარების გაცნობა მოხდა. გარდა ამისა, ბაზრებსა და სავაჭრო ობიექტებში, აგრეთვე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროს დადგენილი წესების დაცვის მონიტორინგის გამკაცრების შესახებ რეკომენდაციები გაიცა.

ბესიკ ამირანაშვილმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მერის წარმომადგენლებს მეტად გააქტიურებისკენ მოუწოდა. ასევე, მათ დაევალათ, რომ სოფლის ექიმებთან ერთად, ინფიცირებულთან საეჭვო კონტაქტებისა და აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირების მოკვლევა განახორციელონ.

"სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოუწოდებს რეგიონის მოსახლეობას, მკაცრად დაიცვან რეკომენდაციები, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და თავი შეიკაონ მაღალი საფრთხის მქონე რეგიონებში მოგზაურობისაგან" - აღნიშნულია ინფორმაციაში.
| Print |