COVID19
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. მათგან ერთი -
82 წლის ქალი მკურნალობის კურსს “კლინიკა ბომონდის" კოვიდცენტრში 15 სექტემბრიდან გადიოდა.

“პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკაში შემოყვანის მომენტში მისი მდგომარეობა შეფასდა მძიმედ და ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა”,-ამბობს კლინიკა "ბომონდის" კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი, 79 წლის მამაკაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჰქონდა.

"პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით სულ 36 ადამიანი გარდაიცვალა.
| Print |