COVID19
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად ქვეყანაში COVID 19-ის დაფიქსირებიდან დღემდე მათი რაოდენობა 43-ს შეადგენს.

კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობის კურსს კლინიკა “ბომონდის” კოვიდცენტრში გადიოდნენ, თანმდევი დაავადებები ჰქონდათ. 78 წლის ქალს ორმხრივ მწვავე პნევმონიასთან ერთად აღენიშნებოდა ხორხის სიმსივნე.

რაც შეეხება 72 წლის მამაკაცს, მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, კარდიომიოპათია და ორმხრივი ჰიდროთორაქსი აღენიშნებოდა.

პაციენტები კლინიკაში 15 და 16 სექტემბერს შეიყვანეს.

„აღნიშნული პაციენტების შემთხვევაში ფატალური შედეგის დადგომა თანმდევმა ქრონიკულმა დაავადებებმა გამოიწვია. მედიკოსების მაქსიმალური მცდელობისა და გატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა,”-აცხადებს კლინიკა „ბომონდის” კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.


წყარო: interpressnews.ge
| Print |