COVID19
კორონავირუსზე ანალიზების გამოკვლევა სამცხე-ჯავახეთის ლაბორატორიაში დაიწყო
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსზე აღებულ ბიოლოგიურ მასალას გამოსაკვლევად თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში აღარ აგზავნიან. COVID19-ზე ტესტირება რეგიონშივე ხდება. ვირუსზე გამოკვლევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის ლაბორატორიაში დაიწყო. თანამშრომლები, რომლებიც აქამდე ცხოველების ბიოლოგიურ მასალებს იკვლევდნენ, გადამზადდნენ და კორონავირუსის კვლევაში ჩაერთვნენ. ლაბორატორიას დღეში 100-დან 150 ტესტამდე გამოკვლევა შეეძლება.

"ადგილზე მოხდება რეგიონის ტესტების გამოკვლევა. დაიზოგება როგორც დროის ფაქტორი, ასევე მატერიალური საშუალებებიც. იგეგმება გადაიარაღება და ალბათ, მერე უფრო მეტ ტესტს გამოვიკვლევთ და უფრო სწრაფ ტემპში", - ამბობს სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე.

აქამდე, რეგიონში შესაძლო ინფიცირებულებისგან აღებულ ბიოლოგიურ მასალას თბილისში აგზავნიდნენ, საიდანაც პასუხების მიღებას ხშირად, ორი დღე სჭირდებოდა. ადგილობრივ ლაბორატორიაში კი პასუხის მისაღებად, რამდენიმე საათია საჭირო.
| Print |