COVID19
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად, ქვეყანაში COVID 19-ის დაფიქსირებიდან დღემდე მათი რაოდენობა 66-მდე გაიზარდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების სამივე შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.

„საერთო რადენობით ამჟამად გარდაცვლილია 66 პაციენტი, გუშინ გარდაიცვალა სამი. ვიცი, რომ სამივე არის აჭარიდან" - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

აჭარაში გარდაცვლილ სამივე პაციენტს სხვა თამხლებ დაავადებებთან ერთად, პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.

"62 წლის ქალს პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თავის ტვინის ინფარქტი, კომა, თირკმლის უკმარისობა აღენიშნებოდა. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შემოყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და პაციენტი გარდაიცვალა.

ასევე 52 წლის მამაკაცს და 84 წლის ქალს პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. პაციენტების მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა“
, - აცხადებენ კლინიკაში.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 472 პირს დაუდასტურდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 10 225-ს შეადგენს.
| Print |