COVID19
COVID 19-ით გარდაცვლილი ქალი, ოჯახის წევრებმა სპეციალური ეკიპირების გარეშე დაკრძალეს
კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ქალი ვალეში, 16 ოქტომბერს დაკრძალეს. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები "მეცხრე არხთან" აცხადებენ, ცხედარი სპეციალური ავტომობილით დღეს ჩამოსვენეს, თუმცა იგი ეკიპირებისა და განსაკუთრებული წესების დაცვის გარეშე დაკრძალეს. მეტიც, 89 წლის ქალის ახლობლები ამბობენ, რომ გარდაცვლილი საფლავამდე ოჯახის წევრებმა თავად მიასვენეს და ისე დაკრძალეს.
"მძღოლი მოვიდა, მანქანა გააჩერა, საბარგული გახსნა, ჩვენ სასახლე ავწიეთ და წავიყვანეთ. არავინ იყო, არც პოლიცია. შევიყვანეთ, დავასაფლავეთ. არც გარდაცვალების საბუთი, არც რაიმე სახის დოკუმენტაცია დაუტოვებიათ. ასე რომ ვთქვათ, მოვიდნენ, დაცალეს მანქანა და წავიდნენ. ბოლომდე მივყვები ამ საქმეს!ჩვეულებრივ, ადამიანების სიკვდილით მანიპულირებენ" – აცხადებს კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრი.
შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერს, მედიკოსებმა კორონავირუსის დიაგნოზით ახალციხეში პირველი პაციენტის გარდაცვალების ფაქტი დააფიქსირეს. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატში განმარტეს, რომ 89 ქალი, 14 ოქტომბერს COVID 19-ზე გამოიკვლიეს და ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ამის შემდეგ იგი თბილისში, კოვიდმიმღებ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
ქალის ოჯახის წევრებს კორონავირუსით მისი გარდაცვალების არ სჯერათ.
გააზიარეთ :