სამცხე-ჯავახეთში სასწრაფო დახმარების 26 თანამშრომელი კოვიდინფიცირებულია
სამცხე-ჯავახეთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 26 თანამშრომელი კოვიდინფიცირებულია. მათგან 13 - ახალციხის სასწრაფო დახმარების პერსონალია, ხოლო დანარჩენი 13 - ახალქალაქის. ამის შესახებ "მეცხრე არხს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, უკვე მოკვლეულია ინფიცირებულთა კონტაქტები და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ინფიცირებულები არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების როგორც ექიმები და ექთნები, ასევე მძღოლებიც.
ახალქალაქის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის კორონავირუსის დაუდასტურების შესახებ ინფორმაცია 19 ოქტომბერს სასწრაფო დახმარების განყოფილების მენეჯერმა ერემ ეზოიანმა დაადასტურა. იგი ამბობდა, რომ თანამშრომლების იზოლაციაში ყოფნის გამო, ახალქალაქის სასწრაფო დახმარება არ მუშაობდა. დღეს, 20 ოქტომბერს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში "მეცხრე არხს" განუცხადეს, რომ აქ დამატებითი ეკიპაჟების მობილიზება მოხდა.
"დამატებითი ეკიპაჟი მობილიზდა და ემსახურება ახალქალაქის მოსახლეობას" - განმარტეს პრესსამსახურში.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმების გარდა, COVID 19 სამედიცინო პერსონალს დადასტურებული აქვს, ახალციხის კლინიკა "იმედსა" და "ევექსშიც".