COVID19
ბორჯომში კორონავირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი შემთხვევაა დადასტურებული. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, COVID 19 დაუდასტურდა ბაკურიანის ერთ-ერთი საკარანტინე სასტუმროს თანამშრომელს, რომელიც ტიმოთესუბნის მაცხოვრებელია. ხოლო მეორე კოვიდინფიცირებული ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმია, რომელიც ბაკურიანში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. 30 და 50 წლის ქალების ტესტის პასუხი გუშინ, 18 ოქტომბერს გვიან ღამით გახდა ცნობილი.

"ტიმოთესუბანში მცხოვრები ამჟამად იმყოფება სახლში, თვითიზოლაციაში, როგორც მსუბუქი შემთხვევა. რაც შეეხება ექიმს, ის ცუდად იყო და გადაიყვანეს კოვიდკლინიკაში. ზოგადად, ბრონქიტი აქვს ამ ადამიანს, კორონავირუსიც დაემატა და მისი გადაყვანა ამიტომ გახდა საჭირო. ამ ყველაფერს 112 არეგულირებს, მე არ ვარეგულირებ. ტიმოთესუბანში მცხოვრებს დაახლოებით 28 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ექიმს კი ოჯახში ორ წევრთან. ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია. გატესტვით აღარავინ იტესტება. თვითიზოლაციაში გადადიან და თუ რაიმე ჩივილი აქვთ, 112-ს უკავშირდებიან და მერე იტესტებიან. თუ ჩივილები არ აქვთ, 12 დღის შემდეგ თავისუფლდებიან თვითიზოლაციისგან" - აცხადებს ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა რატიანი.

გარდა ამისა, ბორჯომის ცხელების ცენტრში, COVID 19 გუშინ ღამით, 26 წლის მამაკაცს დაუდასტურდა. ახალგაზრდა მამაკაცი სამედიცინო ცენტრში ბაკურიანის საკარანტინე ზონიდან 18 ოქტომბერს გადაიყვანეს. იგი ბორჯომიდან არ არის. 

"პაციენტს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა უფიქსირდებოდა. კვლევის პასუხი ცენტრში გუშინ გახდა ცნობილი. ახალგაზრდა კაცი ბორჯომელი არ არის და ის კოვიდ კლინიკაში გუშინვე გადაიყვანეს.მას ჰქონდა უცხოეთიდან საზღვრის კვეთის ისტორია.

სამედიცინო ცენტრის მედ პერსონალი საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად მაქსიმალურად ახორციელებდა თავის დაცვას."
- განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ.

19 ოქტომბრის დილის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული 100 მოქალაქეა რეგისტრირებული.

წყარო: borjomi.tv
| Print |