COVID19
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 15-ით გაიზარდა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდებობა ისევ გაიზარდა. COVID 19-ით 15 პაციენტი გარდაიცვალა და ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე მათი რაოდენობა 158 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზეა განთავსებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდვირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევიდან ერთი გარდაცვლილი შედარებით ახალგაზრდა - 40 წლის, დანარჩენი კი 60 წელს ზემოთ ასაკის არიან.

გამყრელიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია, ჰქონდათ თუ არა მათ თანმხლები დაავადებები და როგორც ამასთან დაკავშირებით განაცხადა, აღნიშნული დეტალური განხილვის საკითხია.

გარდა ამისა, როგორც დღეს გამყრელიძემ განმარტა, გაზაფხულსა და ზაფხულში კოვიდინფიცირების შემთხვევების 70% - 80% შემოტანილი იყო, ხოლო შედგომი შემთხვევების რაოდენობაში შემოტანილის წილი მიზერულია და არის დიდი მასშტაბის შიდა გავრცელება.

“ამიტომ შემოდგომას ახალი სლოგანი გვაქვს - ისწავლე თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად ანუ თანდათან ცხოვრების ნორმალურ რიტმს უნდა დავუბრუნდეთ და თან ყველა ინფიცირებულს მივცეთ საშუალება, თუ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევაა - სახლში დარჩეს და ვისაც სჭირდება, ჰოსპიტალში იმკურნალოს. ეს ინფიცირებულთა 20%-25%-ს სჭირდება. დანარჩენმა მკურნალობა ბინაზე უნდა გააგრძელონ. ჩვენი თანამემამულეების საქართველოში შემოსვლა აღარ უნდა დაიბლოკოს - მით უფრო ჩვენ მათგან ვითხოვთ PCR ტესტის პასუხს ბოლო 72 საათის განმავლობაში“,
- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო დღე ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან 328 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 8 666 გახდა.

20 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების - 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
| Print |