ახალციხის ციხის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ახალციხის ციხის თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადადის. მიზეზი კორონავირუსია, რომელიც ერთ-ერთ მათგანს დაუდასტურდა. ციხის დირექტორის განმარტებით, ონლაინრეჟმში მუშაობას ადმინისტრაციასა და საინფორმაციო ცენტრში მომუშავე პირები გააგრძელებენ.
დავით ტაბატაძის ინფორმაციით, თანამშრომელი, რომელსაც ვირუსი დაუფიქისირდა, კოვიდინფიცირებულის კონტაქტი იყო და სამსახურში არ დადიოდა. მიუხედავად ამისა, ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უშუალოდ ამ პიროვნებასთან მომუშავე ადამიანები, გარკვეული პერიოდი სამსახურში აღარ გამოცხადდებიან.
"ვინც ადმინისტრაციაში და საინფორმაციო ცენტრში მუშაობს, ყველა მათგანი დისტანციურზე გადავიყვანეთ. დანარჩენები მუშაობას ჩვეულებრივად აგრძელებენ. ერთ თანამშრომელს დაუდგინდა და აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. თვითიზოლაციაში არ არიან, უბრალოდ მოვარიდეთ მაინც. დიდი ხანია არ ყოფილა აქ. თვითონ დარეკა და გვითხრა, რომ მისი ოჯახის წევრის სამსახურში იყო დაფიქსირებული კორონავირუსი და გვკითხა, რომ ხომ არ ჯობდა სამსახურში არ მისულიყო" - აცხადებს დავით ტაბატაძე.
ამ დროის მონაცემებით ახალციხეში 149 კოვიდინფიცირებულია რეგისტრირებული.